მართლმადიდებელი ეკლესია ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან მიმდინარეობდა. საღამოს კი 12 ვნების სახარება წაიკითხეს. სამების საკათედრო ტაძარში ახალი აღთქმიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა სასულიერო პირებთან ერთად წაიკითხა.
12 ვნების სახარება იესო ქრისტეს იმ ვნებებს აღწერს, რომლებიც მაცხოვარმა ჯვარცმამდე გაიარა. სახარების კითხვის დროს მორწმუნეები ანთებული სანთლებით ხელში დგანან ტაძარში. სახარების თითოეული ფრაგმენტის წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰჯრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება. მერვე სახარების შემდეგ იკითხება კანონი და სრულდება საგალობელი, რომელშიც ასახულია ის ეპიზოდი, როდესაც იესო ქრისტემ მის გვერდით ჯვარცმულ ავაზაკს შეუნდო, რადგან მან სიკვდილის წინ ცოდვები მოინანია. ეს საგალობელი მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ სრულდება. ხვალინდელი დღე, ვნების კვირის პარასკევი, მართლმადიდებელი სამყაროსთვის უმძიმესი დღეა. ამ დღეს მოქმედ ტაძრებში ღვთისმსახურება არ აღევლინება. ყველა მოქმედ ტაძარში დღის ორ საათზე გარდამოხსნის რიტუალი სრულდება.