დიდი ხუთშაბათი
ვნების შვიდეულის დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით წირვა დილიდან ტარდება საქართველოს ყველა ტაძარში. სამების საკათედრო ტაძარში მსახურებას არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშვილი, სასულიერო პირებთან ერთად აღავლენს. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს მაცხოვარმა თავის მოწაფეებთან ერთად, ბოლო პასექი და ფეხთბანვა აღასრულა. ქრისტემ მოწაფეები პირველად აზიარა და ზიარების საიდუმლო დააწესა. დიდ ხუთშაბათს ტაძრებში იკითხება 12 ვნების სახარება, მსახურების დროს სახარებიდან 12 ფრაგმენტს წაიკითხავენ, რომელიც მაცხოვრის ვნების შესახებ მოგვითხრობს. სამების საკათედრო ტაძარში 12 ვნების სახარების კითხვა 18 საათზე დაიწყება.