დიდი დიღომში საპარკინგე ადგილები დაიტბორა

უხვი ნალექის გამო დატბორილია საპარკინგე ადგილები დიდი დიღომში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, 112-ში ღამის განმავლობაში 60-ზე მეტი შეტყობინება შევიდა. მათი უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების და შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა. ამოტუმბვის სამუშაოები ახლაც გრძელდება. რამდენიმე მისამართზე წაიქცა ხე და ჩამოიშალა მიწა. ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო და მერიის შესაბამისი სამსახურები. ძლიერი წვიმის გამო, ყველაზე მეტი გამოძახება ვაკე-საბურთალოს, გლდანი-ნაძალადევის და ისანი-სამგორის რაიონში დაფიქსირდა. უწყების ცნობით, თბილისის მდინარეებში წყლის დონის მონიტორინგიც მიმდინარეობს. სიტუაცია სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.