დიდი ბრიტანეთისა და ეუთო-ს წევრი ქვეყნების განცხადება
დიდი ბრიტანეთი და ეუთო-ს 36 ქვეყანა საქართველოში ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ. დოკუმენტი მოიცავს კრიტიკას ხელისუფლების მიმართ და ასევე მოწოდებას გასცემს დემოკრატიული ნორმების აღდგენისა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის შესახებ. „ვწუხვართ, რომ ჩვენს წინა კომუნიკაციებში გამოთქმული შეშფოთება არ იქნა გათვალისწინებული და საქართველოს ხელისუფლებამ არ გადადგა ნაბიჯები ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესების წინააღმდეგ, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს ეუთო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ნორმებისა და ღირებულებების დაცვას. „- აღნიშნულია განცხადებაში.
დასავლური ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ „ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, საქართველოში ჩატარდება მწვავე პოლიტიკური პოლარიზაციისა და ხელისუფლების კრიტიკოსების მიმართ მზარდი რეპრესიების კონტექსტში.“ კრიტიკის საგანია ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ დროულად არ გაუგზავნა მოწვევა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისს არჩევნების დასაკვირვებლად. ეუთო-ს ქვეყნები გმობენ ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს. გაკრიტიკებულია აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენები. საერთაშორისო საზოგადოება მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ღია იყოს ინკლუზიური დიალოგისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან.