დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევა
დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, 2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ რუსეთის დასანქცირების შემდეგ, დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიებში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, რუსეთთან, სულ მცირე, 8 მილიარდი დოლარის ღირებულების 29 000 სავაჭრო გარიგება განახორციელეს. კვლევის თანახმად, 145 გაუმჭვირვალე ოფშორული კომპანია გამოიყენებოდა შუამავლად – უფრო მეტად ბერმუდასა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ფირმები. დიდი ბრიტანეთის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, ამ სქემით რუსეთი ყიდულობდა და ყიდდა სანქცირებულ საქონელს, მათ შორის ქვანახშირს, ფოლადს, ტყვიას, რკინასა და თუთიას, რის შემდეგაც ეს საქონელი ჩინეთში, თურქეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში შედიოდა. გარდა ამისა, ორგანიზაციის ცნობით, კვლევამ გამოავლინა, სულ მცირე, 160 იახტა, რომელიც ამ კომპანიების გამოყენებით რუსეთში შევიდა.