დიდი ბრიტანეთი სანქციების სიას აფართოებს

15:09, 01.10.2026

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთი „რუსეთის სანქციების რეჟიმის“ ფარგლებში სანქციას უწესებს 31 ფიზიკურ პირს, იურიდიულ პირსა და გემს, იმ საქმიანობისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას. სანქცირებულთა შორის არის სამი პირი, რომლებიც კავშირში არიან საქართველოს უკანონოდ ოკუპირებულ რეგიონებთან – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან: კერძოდ, მარატ კამბოლოვი, ალან გაგლოევი და სერგეი ტოლმაჩოვი. ამასთან, აღნიშნულია, რომ დიდი ბრიტანეთი გმობს რუსეთის მცდელობებს, გაამყაროს საკუთარი უკანონო კონტროლი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მათ შორის 18 სექტემბერს სამხრეთ ოსეთში ჩატარებული ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ და დე ფაქტო ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯების მეშვეობით. „დიდი ბრიტანეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში და აგრძელებს რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას მისი ქმედებების გამო“, – აღნიშნულია განცხადებაში. ასევე, მათივე ცნობით, ინდივიდუალური სანქციების სიაში მოხვდნენ: ნიკოლოზ მჟავანაძე, გიორგი ირემაძე, მამუკა ფიფია და პაატა აბულაძე. „სანქციები დაუწესდა კრემლის მხარდამჭერი დეზინფორმაციის გავრცელებაში მონაწილე პირებს, მათ შორის საქართველოს 4 მოქალაქეს“ – ვკითხულობთ ბრიტანეთის მთავრობის გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი