დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბრექსითზე შეთანხმდნენ

თურქეთის მიერ დაწყებული სამხედრო ოპერაცია აღელვებს ევროკავშირსაც, სადაც კიდევ ერთი სადავო საკითხი დღეს დადებითად გადაწყდა.

ორწლიანი დაძაბულობის და უთანხმოების შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა ბრექსითზე შეთანხმებას მიაღწიეს. კორექტირებულ დოკუმენტში ჩაიწერა, რომ ჩრდილოეთ ირლანდიაში გაერთიანებული სამეფოს დანარჩენი ნაწილებისგან განსხვავებული პირობები გავრცელდება. სწორედ ეს საკითხი იყო ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს წინააღმდეგობის მთავარი მიზეზი. ახლა დოკუმენტი ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის პარლამენტებმა უნდა დაამტკიცონ. თუმცა პროცესი ამჯერადაც ხმაურიანად ჩაივლის. გაერთიანებული სამეფოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ახალ შეთანხმებას მოწინააღმდეგეები უკვე გამოუჩნდნენ. სწორედ პარლამენტმა ჩააგდო რამდენჯერმე მხარეებს შორის მანამდე მიღწეული შეთანხმებები. შედეგად ბრექსითის თარიღი არაერთხელ გადაიდო, რაც პრემიერ მეის გადადგომის ფასად დაუჯდა.