დღეს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება
დღეს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება – სახალხო დღესასწაულის ეპიცენტრი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტია. დიდგორის წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში სადღესასწაულო პარაკლისის შემდეგ, დიდგორის მემორიალამდე ფეხით მსვლელობა მოეწყო. მთავარი ღონისძიება კი ამ წუთბში იწყება, სადაც სიტყვით გამოვლენ საქართველოს მთავრობისა და წმინდა სინოდის წევრები. დიდგორის ველზე მოწყობილ სხვადასხვა სივრცეში მისულ სტუმრებს დახვდებათ საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა სპორტული შეჯიბრებები. გარდა ამისა, გაიმართება კონცერტი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრებით, ასევე, თეატრალიზებული პერფორმანსი, სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდება. „დიდგორობა 2025-ის“ ფარგლებში, სამხედრო პირები დიდგორის ჯვრის ორდენით დაჯილდოვდებიან.
1121 წლის 12 აგვისტო – უმნიშვნელოვანესი თარიღი საქართველოს ისტორიაში. მეფე დავით აღმაშენებლის გონივრული სამხედრო სტრატეგიის წყალობით, დიდგორი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის, ერთიანობისა და ქვეყნისთვის თავდადების სიმბოლოდ იქცა. საქართველოში დიდგორობა ყოველ წელს აღინიშნება.