დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა – მას 42 წელი შეუსრულდებოდა. მის ხსოვნას პატივი მიაგეს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე. თანამებრძოლებმა მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს. ადგილზე იმყოფებოდნენ გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედრო ბაზაზე პროექტის – „ჯარის ბანაკის“ მონაწილეებიც.
მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს გმირულად დაიღუპა.
გიორგი ანწუხელიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით, უწყებრივი მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, მინიჭებული აქვს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. მის სახელს ატარებს სერჟანტთა აკადემია.