მმართველი გუნდი ცალკეულ პოლიტიკოსებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს შოვის ტრაგედიის გარშემო დეზინფორმაციული კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.
სოციალურ ქსელსა თუ მედიით გავრცელებული და გაკეთებული განცხადებები საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმად და ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გაჩენის მცდელობად ფასდება. საინფორმაციო შეტევებს შორის სახელდება ის ცნობები, რომლის მიხედვით მასშტაბური სტიქიის წინასწარ გათვლა და პრევენციული ზომების მიღება შეიძლებოდა, ყალბ ამბებად ცხადდება მდინარე ბუბუსწყლის კალაპოტის შეცვლის, წინა დღეებში წყლის დონის კლების, სტიქიის ზონაში ტყის მასობრივი ჭრის და შოვში ვერტმფრენების დაგვიანებით გაგზავნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მმართველი პარტია კონკრეტული ორგანიზაციებისგან ახლა განმარტებებს ითხოვს. ხელისუფლების განმარტებების და კონტრარგუმენტების წარდგენის მიუხედავად, შოვის დამანგრეველი სტიქიის პრევენციის და სამაშველო ოპერაციის ოპერატიულობის და ეფექტურობის თემა ამ დრომდე აზრთა სხვადასხვაობის საგანია.