დეზინფორმაცია პირველ არხთან დაკავშირებით

15:10, 18.12.2024

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. საუბარია ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ესპანეთის, იტალიისა და რუმინეთის პოზიციების გაშუქებაზე.

გთავაზობთ ციტატას სალომე ზურაბიშვილის განცხადებიდან: „ახლა უკვე თქვენც ყველა ხედავთ ტყუილს, როდესაც ოფიციალურ განცხადებებში აღწერენ თქვენი ქვეყნების პოზიციებს, რომლებიც დააფიქსირეთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე და რომელთა დაზუსტებაც მოგიწიათ. კარგი ამბავი ის არის, რომ თქვენი დამაზუსტებელი განცხადებები არ საჯაროვდება საზოგადოებრივი ტელევიზიით ან სამთავრობო ტელეარხებით. ასე რომ, ხალხი, რომელიც უჭერს მხარს „ქართულ ოცნებას“ და რომლებიც უყურებენ ამ ტელევიზიებს, არ იციან, რომ მათი მთავრობა იტყუება და ტყუილის შემდეგ ესხმის თავს პარტნიორებს,“ – თქვა პრეზიდენტმა.

ეს განცხადება სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან დღეს დაახლოებით 11:30 საათზე გააკეთა. ინფორმაცია რომ რუმინეთმა, ესპანეთმა და იტალიამ იმედგაცრუება გამოხატეს ევროკავშირის შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის გამო, „მოამბის“ 10-საათიან გამოშვებაში უკვე იყო გასული. თქვენ კადრში ხედავთ შესაბამის მასალას, რომელიც პრეზიდენტის განცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე გავიდა საინფორმაციო გამოშვებაში. მოამბემდე“, სამივე ქვეყნის განცხადება გაშუქდა პირველი არხის ვებგვერდზე – რუმინეთის განცხადება განთავსებული იყო ჯერ კიდე გუშინ, 20:45 საათზე. ესპანეთისა და იტალიის პოზიციები კი გვიან ღამით. შესაბამისად, განცხადება, რომ ეს ინფორმაცია საზოგადოებრივ მაუწყებელს მაყურებლისთვის არ მიუწოდებია, დეზინფორმაციაა.

იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – საქართველოს მდგომარეობის შესახებ დისკუსიის დროს იტალიამ მხარი დაუჭირა სანქციების შეთავაზებას, ასევე დიპლომატიური ვიზების გამარტივების შეთანხმების შეჩერებას

ესპანეთის საგარეო უწყება – ჩვენ სრულად დავუჭირეთ მხარი საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს

რუმინეთის საგარეო უწყება – ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანით იმედგაცრუებული ვართ

მსგავსი