დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამა
დღეიდან იწყება ფულადი კომპენსაციით დევნილების დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება. პროცესი 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ.
პროგრამა ეხება ყველა იმ დევნილ ოჯახს, რომელსაც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართი ან შესაბამისი ფულადი კომპენსაცია არ მიუღია. კომპენსაციის ოდენობა ოჯახის თითოეულ დევნილ წევრზე 10 000 ლარს შეადგენს. თანხა არ გაიცემა ოჯახის იმ წევრებზე, რომლებსაც დევნილის სტატუსი არ აქვთ, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის 1-ლი იანვრის შემდეგ დაბადებულ პირებზე. პროგრამისთვის მიმდინარე წლის ბიუჯეტში 58 მილიონი ლარია გათვალისწინებული.