დესტაბილიზაციის საფრთხე და პოლიტიკური შეფასებები

წინასაარჩევნოდ დესტაბილიზაციის საფრთხეზე საუბარი პოლიტიკურ დღის წესრიგში რჩება.

შინაგან საქმეთა მინისტრის გუშინდელი განცხადების შემდეგ, გამაფრთხილებელ გზავნილს ამჯერად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. სუს-ი წყაროდ ოპერატიულ სიგნალებს ასახელებს და მათზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ცალკეულ ადგილებში ძალადობრივი პროვოკაციები იგეგმებოდა. ძალოვან უწყებაში დეტალებზე საუბარი არჩევნების შემდეგ დააანონსეს, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დააკონკრეტეს, რომ დღევანდელი განცხადების ადრესატი ყოფილი მმართველი პარტიაა.

„ქართული ოცნება“ დესტაბილიზაციის მცდელობის კონტექსტში განიხილავს ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებსაც.

ბრალდებებზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს განმარტებების გაკეთება უწევთ – მათ შორის იმაზეც, თუ რატომ ჩაიშალა 19-20-21 ოქტომბერს დაგეგმილი აქციების გეგმა.