დეოკუპაციის პოლიტიკა და ოპოზიციის რიტორიკა
მაშინ როდესაც ნიუ-იორში შეკრებილი მსოფლიო ლიდერები მშვიდობის მიღწევის და ნდობის აღდგენის გზებზე მსჯელობენ, საქართველოში საფრთხის შემცველად ცხადდება ოპოზიციონერი ლიდერების ბოლოდროინდელი რიტორიკა. ამ კონტექსტში განიხილება აფხაზეთის თემაზე ნიკა გვარამიას განცხადება, რომელმაც ქართველები და აფხაზები ერთმანეთის მტრებად მოიხსენია და თქვა, რომ მტრობა სიყვარულით ვერ შეიცვლება. „ახალის“ ლიდერის პოზიციით, კონფლიქტის მოგვარება ევროკავშირში გაწევრებით, ბევრად გამარტივდება. ცოტა ხნის წინ არანაკლები რეზონანსი გამოიწვია გვარამიას შეფასებამ მთიანი ყარაბაღის საკითხზეც. საქართველოსთვის სენსიტიურ თემებზე ოპონენტების გააქტიურებას, მმართველი გუნდი გარედან ორკესტრირებულს უწოდებს. მიზანმიმართულ კამპანიაში კი ევროკავშირის წევრობის სანაცვლოდ, ქვეყნის ტერიტორიების დათმობის სურვილს ხედავს. ხელისუფლება ოპონენტებს ნდობის აღდგენის დაზიანების მცდელობების შეწყვეტას ურჩევს და პირდაპირ აცხადებს, რომ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე ევროკავშირის წევრობა საქართველოსთვის ფასეულობას არ წარმოადგენს.