„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ანგარიში

უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლის მნიშვნელობა და არსებული გამოწვევები – ამ სახელწოდების კვლევის შუალედური ანგარიში წარადგინა „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“. არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრებთან ერთად, არსებული ხარვეზების გამოსწორების გზებზე მსჯელობენ. მესამე სექტორში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების სექტორზე საპარლამენტო კონტროლი ხარვეზიანია და არ არსებობს პოლიტიკური ნება ეფექტიანი ზედამხედველობისთვის.

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა“ დღესვე სუს-ის 2021 წლის საქმიანობის ანგარიშიც მიმოიხილა. მათი შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების მიერ წარდგენილი ანგარიში უკიდურესად ზედაპირულია და არ აწვდის პარლამენტარებს საჭირო ინფორმაციას საპარლამენტო კონტროლის განსახორციელებლად. შეხვედრას ესწრებიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. მმართველ გუნდში ანგარიშის დასკვნას არ ეთანხმებიან, თუმცა აცხადებენ, რომ საპარლამენტო ზედამხედველობის კიდევ უფრო დახვეწა შესაძლებელია.