„დელტაკრონი“ - ახალი შტამი

მსოფლიოში კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი ვარიანტი გამოჩნდა, რომელიც „დელტასა“ და „ომიკრონის“ ე.წ. ჰიბრიდია. აღნიშნული შტამი კვიპროსზე 25 პაციენტის ანალიზში გამოვლინდა. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ კვიპროსის უნივერსიტეტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა კათედრის თანამშრომლებზე დაყრდნობით იტყობინება. კორონავირუსის ახალ ვარიანტს, სავარაუდოდ, 10 ტიპის მუტაცია აქვს, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ „ომიკრონში“ იყო გამოვლენილი, მაგრამ მსგავსი „გენეტიკური საფუძველი“ „დელტა“ ვარიანტსაც აქვს. კვიპროსელმა მეცნიერებმა კორონავირუსის ახალ ვარიანტს „დელტაკრონი“ დაარქვეს. 25 ადამიანიდან, რომლებსაც ამ ტიპის კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს, 11 კლინიკაში გადაანაწილეს. ჯერჯერობით არ მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ „დელტაკრონმა“ შესაძლოა, „ომიკრონი“ ჩაანაცვლოს.