Deep State-ის რებრენდინგი - პოლიტიკური ურთიერთბრალდებები

აშშ-თან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინის პარალელურად საქართველოს ხელისუფლება ევროპის ქვეყნებიდან ზეწოლის გაძლიერებას ელის.

აქცენტი სკანდინავიის და ბალტიისპირეთის ქვეყნებზე კეთდება. სწორედ ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ აამოქმედა წინა კვირას ახალი სასანქციო პაკეტი ქართველი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ. მმართველი გუნდი გადაწყვეტილებას ხელისუფლების შეცვლის მიზნით ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევად განიხილავს და სასანქციო პოლიტიკის გამკაცრებას თუ ბოლოდროინდელ მკაცრ გზავნილებს ე.წ. დიფ სთეითის გავლენით ხსნის. „ქართული ოცნების“ ლიდერები ე.წ. გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითისმოდერნიზებაზე მიუთითებენ და ამტკიცებენ, რომ ბრძოლის მეთოდებთან ერთად იცვლება დაფინანსების წყაროებიც. საკუთარ პოზიციას მმართველი პარტია ამერიკის საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერებითაც ამყარებს და ხაზს უსვამს, რომ დონორი ორგანიზაციების ნაცვლად ახლა საქართველოს მთავრობის შეცვლა ევროპის კონკრეტული ქვეყნების ხელისუფლებებს აქვთ დავალებული. მმართველი გუნდის პოზიციას ანტიდასავლურ რიტორიკად აფასებენ ოპონენტები, რომლებიც დასავლეთიდან გამკაცრებული განცხადებების თუ გადაწყვეტილებების და ახალი სანქციების მიზეზად ბოლო თვეებში განვითარებულ მოვლენებს და „ქართული ოცნების“ ქმედებებს მიიჩნევენ.