დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, დღეს და ხვალ თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ.

ტრანსპორტი დაინიშნა მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის, კუკია-მახათას, საბურთალოს, თბილისის ზღვის, ველის და ვარკეთილის სასაფლაოებისკენ. ასევე ავტომანქანებისათვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდება სასაფლაოებთან მისასვლელ გზებზე.

საბურთალოს სასაფლაოსთან მანქანით მისვლა შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირიდან სანდრო ეულისა და უნივერსიტეტის ქუჩების გავლით. ტერიტორიას კი ავტომანქანები უნივერსიტეტის ქუჩით, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით დატოვებენ.

კუკიის სასაფლაოს მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჩიტაიას მოედნიდან, ნორიოს აღმართისა და მამარდაშვილის ქუჩის გავლით. უკან წამოსასვლელად კი მძღოლები ცაიშის, ქვალონის, აბაშიძის და 9 ძმის ქუჩებით ისარგებლებენ.

მუხათგვერდის სასაფლაოსკენ მოძრაობა შესაძლებელი იქნება როგორც დავით აღმაშენებლის ხეივნიდან, ასევე ფარნავაზ მეფის გამზირიდან. თბილისის ზღვის სასაფლაოს მიმართულებით მანქანებისთვის გადაადგილება ნებადართული იქნება ხუდადოვის და ანაპის დივიზიის ქუჩებით, ასევე, თემქის მხრიდან. სასაფლაოდან წამოსვლა შესაძლებელი იქნება მუხრანის, ბეჟანიშვილისა და ხუდადოვის ქუჩებით.

რეგიონების საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან ასაცილებლად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება პერიოდულად შეიზღუდება, – ინფორმაციას შეზღუდვების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.