დედაქალაქის გაჩერების გეგმა - ალეკო ელისაშვილის ინიციატივა  

ერთი თარიღი და ორი გეგმა – თვითმმართველობის არჩევნების მონაწილე და ბოიკოტში მყოფი ოპოზიციური პოლიტიკური ძალების რიტორიკა ერთმანეთის მისამართით სულ უფრო მწვავდება.

„ლელო“, რომლის ლიდერები მანამდე მძიმე ბრალდებებსა და კრიტიკას ძირითადად დუმილით პასუხობდნენ, საკუთარი გადაწყვეტილების ახსნას სხვადასხვა არგუმენტით ცდილობენ. მათ შორისაა ალეკო ელისაშვილი, რომლის ბოლო განცხადება საკმაოდ რეზონანსული აღმოჩნდა. პოლიტიკოსმა თბილისის მერად ირაკლი კუპრაძის არჩევის შემთხვევაში მუნიციპალური სამსახურების გაფიცვების ორგანიზება დააანონსა. თავის მხრივ მხარდამჭერებს ყოველდღიურად რუსთაველის გამზირზე სანქცირებული აქციების მოწყობის პირობა მისცა მერობის კანდიდატმა. თუმცა, როგორც ჩანს, განცხადებები შეთანხმებული არ ყოფილა „ლელოსთან“ საარჩევნო თანამშრომლობის რეჟიმში მყოფ გახარიას პარტიასთან, რომელიც გეგმას სკეპტიკურად უყურებს. თავის მხრივ 4 ოქტომბრის აქციაზე დიდ იმედს ამყარებს და ხელისუფლების გადაბარებისთვის ემზადება „ნაციონალური მოძრაობა“ პაატა ბურჭულაძის სამოქალაქო მოძრაობასთან ერთად. გახარიას გუნდისგან განსხვავებით, ხაზარაძე-ჯაფარიძის პარტიას ამ დრომდე არ უთქვამს მკაფიოდ, აპირებენ თუ არა არჩევნების დღეს დაგეგმილ იმ აქციაზე მისვლას, რომლის ორგანიზატორები არჩევნებს რუსულ სპეცოპერაციას აცხადებენ. ამ თემაზე „ლელოს“ ლიდერების განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვევა.