დედამიწის საათი
საქართველოს სამთავრობო უწყებები გლობალურ გარემოსდაცვით კამპანიას – „დედამიწის საათს“ შეუერთდნენ. 28 მარტს, 20:30 წუთიდან 21:30 წუთამდე, ერთი საათის განმავლობაში, პარლამენტის შენობის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების, საგარეო და შინაგან საქმეთა სამინისტროების ფასადებსა და თბილისის ანძაზე ელექტროენერგია გამოირთო. „დედამიწის საათი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გლობალური გარემოსდაცვითი ინიციატივაა, რომლის ფარგლებშიც, მილიონობით ადამიანი და ათასობით ორგანიზაცია ერთ საათით უარს ამბობს ელექტროენერგიის გამოყენებაზე, რითაც მხარს უჭერს დედამიწის მწვანე და უსაფრთხო მომავალს. კამპანიის მიზანი კლიმატის ცვლილების საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ეკოლოგიურად პასუხისმგებლიანი ქცევის წახალისებაა. ინიციატივას საფუძველი 2007 წელს ჩაეყარა და მას შემდეგ ის ყოველწლიურად, მარტის ბოლოს აღინიშნება. საქართველო კამპანიას წელს უკვე მეთვრამეტედ შეუერთდა.