დებატები საქართველოს პირველ არხზე

14 სექტემბერს, 22 საათზე, საქართველოს პირველ არხზე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მონაწილეობით დებატები გაიმართება. მას გიორგი გვიმრაძე გაუძღვება. მონაწილეების რიგითობა მათი საარჩევნო ნომრის მიხედვით განისაზღვრება. სპიკერები თავად პარტიებმა შეარჩიეს. წამყვანის შეკითხვების გარდა, მონაწილეებს შეუძლიათ კითხვები ერთმანეთსაც დაუსვან. დებატისთვის, რომელიც მინიმუმ საათნახევარი გაგრძელდება, სპეციალურად მოეწყო გარე სტუდია ბელიაშვილის #68 ნომერში. პარტიების წარმომადგენლებს თანაბარი პირობები ექნებათ იმისთვის, რომ ამომრჩეველს საკუთარი ხედვა და პროგრამა გააცნონ. 21 სექტემბერს კი, საქართველოს პირველი არხი დებატში მონაწილეობის მისაღებად თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს იწვევს. საქართველოს პირველი არხი მაქსიმალურად ცდილობს მაყურებელს საშუალება მისცეს ინფორმირებული არჩევანი გააკეთოს და ყოველდღიურად, პოლიტიკური გადაცემების გარდა, ეთერს უთმობს არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს ყველა საინფორმაციო გამოშვებაში. ასევე, თანაბრად შუქდება კვალიფიციური თუ არაკვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების აქტივობა.

დებატებში მონაწილეობას მიიღებს 11 კვალიფიციური პარტიის წარმომადგენელი.

კერძოდ: „მესამე ძალა“ -N1; „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – N2; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – N5; „ევროპელი დემოკრატები“ – N6; „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეები“ – N7; „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – N8; „ლელო“ – N9; „შალვა ნათელაშვილი-საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ – N10; „კანონი და სამართალი“ – N12; „გირჩი“ – N36 და „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – N41;

21 სექტემბერს კი, დებატები თბილისის მერობის ყველა რეგისტრირებულ კანდიდატს შორის გაიმართება.