დებატები ევროპარლამენტში 

12:13, 09.07.2025

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მორიგი დებატები გაიმართა. ევროდეპუტატებს საკუთარი ანგარიში მომხსენებელმა რასა იუნკევიჩიანემ წარუდგინა. მისი თქმით, საქართველოში ვითარება გაუარესებულია, რის გამოც ივნისში მიღებული რეზოლუციის ტექსტის განახლებაა საჭირო. ევროპარლამენტარმა ისაუბრა ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებასა და ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორსა და დამოუკიდებელ მედიაზე გაძლიერებულ წნეხზე. მისი თქმით, საქართველოში შემოდგომაზე დაგეგმილი მუნიციპალური არჩევნების აღიარება ასეთ ვითარებაში არ შეიძლება.

დებატებზე სიტყვით გამოვიდა ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსიც, რომელმაც საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს მიღებულ კანონებს რეპრესიული უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირი გააძლიერებს ძალისხმევას, რათა ფინანსურად დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას. ამ მიზნით დამატებით 32 მილიონი ევრო გამოიყოფა. ამასთან, კიდევ 7 მილიონი დაიხარჯება საქართველოში ევროკავშირის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან საბრძოლველად.

მარტა კოსის თქმით, ევროკავშირმა უნდა მოახდინოს რეაგირება საქართველოში დემოკრატიულ უკუსვლაზე, თუმცა უნდა შეინარჩუნოს თანამშრომლობის შესაძლებლობა შავი ზღვის სტრატეგიისა და დაკავშირებადობის საკითხებზე. დებატებზე საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლმა ევროდეპუტატებმაც. ევროპის სახალხო პარტიის, ისევე როგორც სოციალისტებისა და დემოკრატების, „მწვანეებისა“ და ევროპელი კონსერვატორების ჯგუფების წევრებმა საქართველოს მთავრობა ავტორიტარიზმსა და რეპრესიებში დაადანაშაულეს, რის გამოც სანქციების დაწესება მოითხოვეს.

ევროპარლამენტში უმცირესობაში მყოფი ჯგუფების წევრებმა კი ევროპარლამენტს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში დასდეს ბრალი.

 

მსგავსი