დებატები ევროპარლამენტში

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება, რის შემდეგაც კენჭი ეყრება ანგარიშს საქართველოს შესახებ ევროკომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და ურყევ მხარდაჭერას მათი ლეგიტიმური ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და აყვავებულ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების სურვილის მიმართ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი მკაცრად გმობს ძალადობრივ რეპრესიებს, თვითნებურ და პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს საკმარისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებამ თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და გააუქმოს ცოტა ხნის წინ მიღებული დრაკონული კანონმდებლობა, ასევე გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას პოლიტიკური პატიმრების მზარდი რაოდენობის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა მათგანის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებისკენ. ევროპარლამენტი ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და მისი კომპანიების მიმართ დაუყოვნებლივ და მიზანმიმართული პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს. ანგარიშის თანახმად, ევროპარლამენტი არ ცნობს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს და ხელისუფლებას არალეგიტიმურად მიიჩნევს.