დებატები ევროპარლამენტში

მწვავე განცხადებები სტრასბურგიდან.

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ევროპარლამენტიდან მოწოდებები აქტიურდება. სტრასბურგში გამართული დებატები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს დაეთმო. ცალკეული დეპუტატები სამკურნალოდ ყოფილი პრეზიდენტის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნას პრაქტიკულად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის საჭირო მე-13 პირობად აყენებენ. ბუნებრივია, განცხადებების მთავარი თემა „ხალხის ძალის“ სადავო კანონპროექტების გარშემო არსებული საპროტესტო მღელვარება და უკან გაწვეული ინიციატივები იყო. ამ კონტექსტში არაერთხელ გაისმა გზავნილი იმის შესახებ, რომ კანდიდატის სტატუსს, მთავრობისგან გასხვავებით, ქართველი ხალხი იმსახურებს, რასაც საქართველოს მმართველი გუნდი შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენის მცდელობად აფასებს. იყო საპირისპირო შინაარსის გამოსვლებიც. რამდენიმე ევროპარლამენტარმა „ქართული ოცნება“ პერსონალურ თავდასხმებსა და ანტიდასავლურ რიტორიკაშიც დაადანაშაულა. ბრალდებების ადრესატისთვის გუშინ გაკეთებული განცხადებები ევროპარლამენტის იმ ჯგუფს ეკუთვნის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მოკავშირეს წარმოადგენს.