დებატები ბრიტანული საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით  

დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ორგანიზებით თბილისში დღეს დებატები გაიმართება.

თავისუფალ თეატრში დაგეგმილია ბიბისის რადიო გადაცემა „მსოფლიო კითხვების“ ჩაწერა. დებატებში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. ამისთვის საჭირო იყო რეგისტრაცია. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მარიამ ლაშხი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა. ისინი აუდიტორიის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხებენ. როგორც „მოამბესთან“ საუბარში გადაცემის წამყვანი ანუ ანანდი ამბობს, ის ელოდება რომ აუდიტორია დასვამს კითხვებს რუსეთთან ურთიერთობების შესახებ, ეკონომიკურ საკითხებზე, სოციალურ თემებზე. მსოფლიო კითხვების პროდიუსერი ჰელენ ტოუნერი კი აცხადებს, რომ გადაცემის ჩაწერა საქართველოში გადაწყდა, რადგანაც ახლა ქვეყნისთვის საინტერესო მომენტი დგას, როდესაც საქართველო ელოდება პასუხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. თბილისში გამართული დებატების ჩანაწერი ბიბისის რადიო მსმენელისთვის მსოფლიო მასშტაბით იქნება ხელმისაწვდომი.