დაზიანებული ფრესკები გელათის მონასტერში 

გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარში კედლის მხატვრობა ზიანდება.

ერთ-ერთი ფრაგმენტის ჩამოშლის ამსახველი ვიდეო-მასალის გავრცელება ახალი ბრალდებების მიზეზი გახდა. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო მომხდარზე პასუხისმგებლობას ვიდეო-მასალის ავტორს, ორგანიზაციის, „ევროპა ჩვენი სახლია“, ხელმძღვანელს აკისრებს. სააგენტო კედლის მხატვრობის დაზიანებას ხარაჩოებზე თორნიკე ბარათაშვილის გადაადგილებით ხსნის, რასაც ადრესატი კატეგორიულად უარყოფს. ბარათაშვილის მიმართ საკმაოდ მწვავე იყო კულტურის მინისტრის ტონიც. ხარაჩოები ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში მას შემდეგ განთავსდა, რაც არასწორი გადახურვის შედეგად ტაძარში წლების განმავლობაში ჩასული წყლის და შესაბამისად, მაღალი ტენიანობის გამო ფრესკების მუდმივი მონიტორინგი მომხდარიყო. ცოტა ხნის წინ დაწყებული გამოძიების პარალელურად, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლზე ჩატარებული არასწორი გადახურვის საკითხს და ხარვეზებს იუნესკოს ძეგლების გადახურვის ექსპერტი შეისწავლის, რომელსაც საქართველოში ერთ თვეში ელოდებიან.

 

დატოვე კომენტარი