დაზიანებები გელათის მონასტერზე

გელათის მონასტერზე დროებითი გადახურვის სამუშაოების პროცესში დაშვებული შეცდომების გამო, 18 იანვარს ძლიერი ქარის შედეგად, მთავარი ტაძრის დასავლეთ მკლავის სამხრეთ ფერდზე დროებით გადახურვას ფრაგმენტები აძვრა. დაზიანებული კონსტრუქციის აღდგენის სამუშაოები გუშინ საღამოდან დაიწყო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს განცხადებით, სამუშაოები დღეს უნდა დასრულდეს.

სააგენტომ სამუშაოთა შემსრულებელ კომპანიებს – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრს“ და „იკორთა 2007“- ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმების 12 000 – 12 000 ლარის გადახდა დააკისრა. დაჯარიმებული კომპანია მოახდენს იმ სამუშაოების ფინანსურ უზრუნველყოფას, რომლებიც ხარვეზების გამოსასწორებლად იქნება საჭირო. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს გადაწყვეტილებით, სამუშაოების შესასრულებლად ხელშეკრულება ახალ კომპანიასთან „ბაგინეთი +“ -თან გაფორმდა.