ხუთი ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში.
ოპოზიცია დევნასა და რეპრესიებზე საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კუთხით ერთი ხელწერა აქვთ. პარალელურად კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერებმა – ნიკა გვარამიამ და ელენე ხოშტარიამ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ფონდების დაყადაღებაზე ისაუბრეს და თქვეს, რომ ისინი აქციის მონაწილეებთან ერთად, რომლებმაც ფულის შეგროვება დაიწყეს, დაეხმარებიან ფონდებს და ასევე ბოლო პერიოდში დაჯარიმებულ ადამიანებს. „ქართული ოცნების“ განცხადებით, აღნიშნული ფონდების მიზანი არამარტო ძალადობის წახალისება, არამედ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმებაა. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია ხუთი ფონდი. „ნანუკას ფონდის”, ნიკა გილაურის „ფროსფერითი ჯორჯიას“, ფონდი „ერთმანეთისთვის“, „სირცხვილიასა“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები. პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. საუბარია იანვარში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მოძრაობა „ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელი დაედო საფუძვლად.