დაყადაღებული ფონდები - გამოხმაურება

ხუთი ფონდის საბანკო ანგარიშების დაყადაღებასთან დაკავშირებით პროკურატურის განცხადება შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია დევნასა და რეპრესიებზე საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ კუთხით ერთი ხელწერა აქვთ. „ქართული ოცნების“ განცხადებით კი, აღნიშნული ფონდების მიზანი არის არამარტო ძალადობის წახალისება, არამედ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება. საქართველოს პროკურატურის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში განხორციელდა იმ იურიდიული და ფიზიკური პირების საბანკო ტრანზაქციების დეტალური შესწავლა, რომელთა მიმართაც არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ახორციელებდნენ სხვადასხვა კანონსაწინააღმდეგო და, ცალკეულ შემთხვევებში, დანაშაულებრივი ქმედებების მატერიალურ მხარდაჭერას. შეგახსენებთ, რომ დაყადაღებულია 5 ფონდი. „ნანუკას ფონდის”, ნიკა გილაურის „ფროსფერითი ჯორჯიას“, ფონდი „ერთმანეთისთვის“, „სირცხვილიასა“ და „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის“ საბანკო ანგარიშები. პროკურატურა გადაწყვეტილების მიზეზად იმ გამოძიებას ასახელებს, რომელიც საბოტაჟის, უცხოეთის ორგანიზაციის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარეობს. საუბარია, იანვარში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც მოძრაობა „ნეიტრალური საქართველოს“ სარჩელი დაედო საფუძვლად.