დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილეები ხვალ საქართველოს პრემიერს მოუსმენენ.

პანელურ დისკუსიაზე გამოსვლის მთავარი თემა მასშტაბური ენერგეტიკული პროექტებია, რომლებიც საქართველოს გავლით ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიულ მარშრუტებს გულისხმობს. წინასწარ აანონსებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელი პარტნიორებისთვის კონკრეტული ინიციატივებს და გზავნილებს გააჟღერებს. სწორედ უკრაინის ომი და ამ ომის შედეგად ევროპაში შექმნილი მწვავე ენერგოკრიზისია დავოსის წლევანდელი ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემა. მაშინ, როცა ევროპა ენერგორესურსებით რუსეთის შანტაჟის ფონზე ენერგომომარაგების ალტერნატიულ გზებს ეძებს და რუსეთზე დამოკიდებულებას მაქსიმალურად ამცირებს, საქართველოს გაზრდილი სატრანზიტო როლი ევროკავშირის ქვეყნებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. პარალელურად დავოსში წამყვანი საფინანსო კომპანიების და ბრენდების წარმომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს. შვეიცარიის ცნობილ საკურორტო ქალაქში ჩასული მსხვილი საერთაშორისო კორპორაციები საქართველოს ბიზნეს-პოტენციალს ეცნობიან.