დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

საქართველოს გავლით ევროპის მომარაგების ალტერნატიული მარშრუტი დავოსის ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

უკრაინის ომის და რუსეთის შანტაჟის ფონზე შუა დერეფნის მკვეთრად გაზრდილ მნიშვნელობას დღეს სპეციალური პანელური დისკუსია მიეძღვნა. მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და ევროკომისარი იოჰანეს ჰანი. როგორ უნდა დაიტვირთოს უფრო მეტად ცენტრალური აზიის და ევროპის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფანი და რა პოტენციალი აქვთ მონაწილე ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს – ეს იყო მოდერატორის მხრიდან დასმული მთავარი შეკითხვები. ინტერესი განსაკუთრებით გაზრდილია ევროკავშირიდან, რომელიც რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაქსიმალურად შემცირებას ცდილობს და სატრანსპორტო გადაზიდვების ალტერნატიულ გზებს ეძებს. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა დღეს ვრცლად ისაუბრეს, რა სამუშაოები ტარდება შუა დერეფნის ეფექტურობის და ტვირთბრუნვის გასაზრდელად და რა ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება სარკინიგზო თუ საზღვაო გადაზიდვების მაჩვენებლების გასაუმჯობესებლად. ამ კონტექსტში ახსენეს ანაკლიის პორტიც. შუა დერეფანი ევროპისთვის სტაბილურობის გარანტიაა – ასეთი იყო ევროკომისარ იოჰანეს ჰანის მთავარი გზავნილი.