დავოსის ეკონომიკური ფორუმი 

აღმოსავლეთ შვეიცარიის საკურორტო ქალაქი მსოფლიო ლიდერების შეკრების ადგილია.

დავოსის ეკონომიკური ფორუმი იწყება. ადგილზე იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, წამყვანი საინვესტიციო კომპანიების ხელმძღვანელები და ცნობილი ბრენდების და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები. 52-წლიანი ისტორიის მქონე ფორუმის მონაწილეებს შორისაა ქართული დელეგაცია პრემიერის ხელმძღვანელობით. მომდევნო დღეების განმავლობაში შვეიცარიის ცნობილი ქალაქი ყველაზე აქტუალური პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური თემების განხილვის ადგილი იქნება. დღის წესრიგის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და ამ საომარი მოქმედებების შედეგად შექმნილი მწვავე ენერგეტიკული და სასურსათო კრიზისია. განსაკუთრებული მოლოდინია იმ პანელის მიმართ, სადაც სამხრეთის დერეფნის პროექტს, ანუ საქართველოს გავლით ევროპის ენერგომომარაგების ალტერნატიულ მარშრუტს განიხილავენ.

უკვე მეორედ დავოსში არ მიიწვიეს რუსეთის დელეგაცია. ფორუმის დროს ისაუბრებენ კონკრეტულ ბიზნეს-პროექტებზეც. თემატურ პანელებში მონაწილეობასთან და პირისპირ შეხვედრებთან ერთად ქართული დელეგაცია ფორუმს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის წარმოსაჩენად კიდევ ერთხელ გამოიყენებს.

„მოამბე“ შვეიცარიიდან, – სალომე ქოქიაშვილი იმყოფება დავოსში.