დავით ზალკალიანის ოფიციალური ვიზიტი ლიეტუვაში

საქართველოს ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლიეტუველ კოლეგას შეხვდა. რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, მინისტრებმა ვიზიტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და პარტნიორების ერთიან პოზიციაზე ისაუბრეს, რომ არ გადაიხედება ალიანსის გადაწყვეტილებები, ისეთ საკითხებთან მიმართებაში, როგორიც არის ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა და ქვეყნების სუვერენული არჩევანი შეუერთდნენ უსაფრთხოების ალიანსს.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის პრეზიდენტთან და სეიმის სპიკერთან. ასევე დავით ზალკალიანი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს.