დავით ზალკალიანის განცხადება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს და კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის 10 წლისთავთან დაკავშირებული მოსმენა ამის დასტურია.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში აშშ-ს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა გამოიხატა არა მხოლოდ მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მზარდ დინამიკაში, არამედ კონკრეტულ საკანონმდებლო ინიციატივებში, განცხადებებსა თუ დეკლარაციებში.

„ამერიკის კონგრესში, სადაც ჩვენ გვაქვს ორპარტიული მხარდაჭერა, მუდმივად ისმის საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები და ჰელსინკის კომიტეტშიც მოსმენა ამის დასტურია. ეს მიუთითებს იმაზე, რომ საქართველო ამერიკის პოლიტიკური დღის წესრიგში საკმაოდ მოწინავე ადგილზეა და ჩვენ მომავალშიც მივმართავთ ძალისხმევას საქართველოს საკითხზე საერთაშორისო თანამეგობრობის და ჩვენი უმთავრესი პარტნიორის აზრის კონსოლიდაციისთვის“, – განაცხადა მინისტრმა.

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში მოქმედი ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისია) ფარგლებში, 17 ივლისს თემაზე – „რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია და საერთაშორისო წესრიგის რღვევა“ მოსმენა გაიმართა.