დავით სოკოლოვი გარდაიცვალა

85 წლის ასაკში დავით სოკოლოვი გარდაიცვალა.

საქართველოს ტელევიზიის დაარსების პირველივე წლებიდან ის საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ და არაერთი საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემის წამყვანი იყო. ყველასგან გამორჩეული ხმით, გადაცემების წაყვანის სტილით, პროფესიონალიზმით და ინდივიდუალიზმით მან საყოველთაო პოპულარობა და მაყურებლის განსაკუთრებული სიყვარული მოიპოვა. სატელევიზიო საქმიანობის პარალელურად ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა რადიოშიც. შვიდი თვის წინ, 4 თებერვალს პირველმა არხმა დავით სოკოლოვს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნა. ცერემონია მთაწმინდის ტელეანძასთან გაიმართა – იქ, სადაც 1956 წელს ქართული ტელევიზიის ისტორიის ათვლა დაიწყო.

პირველი არხი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კოლეგებს.