დავით კირკიტაძის საქმის განხილვა

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის,  დავით კირკიტაძის საქმის განხილვა გრძელდება. სასამართლო კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე მსჯელობს.

დავით კირკიტაძის ადვოკატის, გიორგი კონდახაშვილის განცხადებით, გურჯანიის რაიონულ სასამართლოსთან, საქართველოს პარლამენტის 30-მდე წევრი და ის ადამიანები შეიკრიბებიან, რომლებმაც კირკიტაძისთვის პატიმრობის გირაოთი შეცვლის მოთხოვნას მოაწერეს ხელი.

სასამართლო პროცესზე ხელმომწერების გამოცხადება, სასამართლომ 25 თებერვალს მოითხოვა. დაცვის მხარემ სასამართლოს იმის დასარწმუნებლად, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, დავით კირკიტაძე საქართველოს საზღვრების დატოვებასა და გამოძიებისთვის თავის არიდებას არ აპირებს, დაკავებულის პასპორტი და პირადობის მოწმობა გადასცა, თუმცა სასამართლომ კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა.

დავით კირკიტაძე სამართალდამცველებმა 17 დეკემბერს დააკავეს. მას პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ველისციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს სამართალდამცველზე თავდასხმა ედება ბრალად.