დავით გარეჯის საქმე 

დავით გარეჯის რეზონანსულ საქმეზე სასამართლოში არსებითი განხილვა იწყება. მოსამართლემ ორივე მხარის მტკიცებულებები მიიღო. მათ შორისაა ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის ცნობილი სატელევიზიო განცხადება, რომელიც გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ნაწილის კუთვნილებას ეხებოდა. დღესვე ცნობილი ხდება, რომ 1938 წლის 1: 200 000 მასშტაბის რუქა, რომელიც რეზონანსულ საქმეზე გამოძიების დაწყების მიზეზი გახდა, მალე ექსპერტიზას გაივლის. საქართველოს ინტერესების საზიანოდ მოქმედებაში დადანაშაულებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები რუკას ექსპერტიზას უცხოეთში ჩაუტარებენ, დასკვნას კი სასამართლოში ერთ-ერთ მტკიცებულებად გამოიკვლევენ. სწორედ ამ რუქაზე დაყრდნობით ამტკიცებს ბრალდების მხარე, რომ 2006-2007 წლებში საქართველოს სადავო სასაზღვრო მონაკვეთები ქვეყნისთვის საზიანოდ შეთანხმდა.