დავით გარეჯის საქმე

დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში განმეორებით კითხავენ სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის ყოფილ თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს გელა ბეჟუაშვილის ყოფილ მოადგილეს, გიორგი მანჯგალაძეს. მას საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია. მანჯგალაძემ მხოლოდ ის თქვა, რომ შეკითხვებს გამომძიებლების წინაშე უპასუხებს. ცნობილია, რომ სხვა ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის მცდელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გიორგი მანჯგალაძე რამდენიმე თვის წინ, 2020 წლის ოქტომბერში გამოიკითხა. ის პროკურატურაში ადვოკატის გარეშე შევიდა. უცნობია, რატომ გახდა მანჯგალაძის განმეორებით გამოკითხვა საჭირო.