დაპირისპირება ტელეკომპანია „მთავარის“ მენეჯმენტსა და მფლობელს შორის.
არხის გენერალური დირექტორი ზაზა ოქუაშვილს ტელევიზიის დახურვის მცდელობაში და ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებაში ადანაშაულებს. გიორგი გაბუნია ამბობს, რომ არხს ფინანსურ წყაროებს მფლობელი მის მიერ დანიშნული დირექტორის საშუალებით ხელოვნურად უკეტავს. საუბარია გოგი ქურდაძეზე, რომელმაც ჯერ კიდევ ორი თვის წინ „მთავარის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ფინანსურ მაქინაციებში და ტელევიზიისთვის მასშტაბური ფინანსური ზარალის მიყენებაში ღიად დაადანაშაულა. ზაზა ოქუაშვილს ხელისუფლების ინტერესების გატარებაში ადანაშაულებს ნიკა გვარამიაც. პოლიტიკაში ერთი წლის წინ დაბრუნებული და დღეს უკვე კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ლიდერი ამტკიცებს, რომ არხზე ხელოვნურად ფინანსური პრობლემების შექმნა და საქმიანობის შეფერხება მას შემდეგ დაიწყო, რაც ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ ნატო ჩხეიძემ საპარლამენტო საარჩევნო სიაში შეყვანის მოთხოვნაზე უარი მიიღო. ბრალდებები საკმაოდ მძიმეა ოქუაშვილის მხრიდანაც, რომელიც 2019 წელს ნიკა გვარამიას მიერ დაფუძნებული ტელევიზიის დახურვის გეგმას უარყოფს.