დავა ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარშემო

18:30, 22.02.2025

ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარშემო დავა გრძელდება. სკოლის დამაარსებლები აცხადებენ, რომ აკადემიის ტერიტორიაზე „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წარმომადგენლები უკანონოდ ცდილობენ შეჭრას. ისინი ინვესტორ კომპანია „საქართველოს კაპიტალს“ და ირაკლი გილაურს წარმოდგენენ. აკადემიის იურისტის განმარტებით, ინვესტორის წარმომადგენლები საჯარო რეესტრის მიერ 21 თებერვალს რეგისტრაციაში გატარებულ პარტნიორთა კრების ოქმს იშველიებენ, რომლის მიხედვითაც, სკოლის მოქმედი დირექტორი შეიცვალა და ახალი დაინიშნა. სკოლის დამფუძნებლის სამართლებრივი წარმომადგენელი კი აცხადებს, რომ პარტნიორთა კრება საერთოდ არ ჩატარებულა და ინვესტორმა ყალბი დოკუმენტის საფუძველზე დაამტკიცა ახალი დირექტორი. მათ შორის შეცდომაში შეიყვანა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც.

პარალელურად, ნათია ჯანაშია „საქართველოს კაპიტალის“ აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სასამართლო დავას აგრძელებს. ნათია ჯანაშიას ბრალდებებს უსაფუძვლოს, თავად ჯანაშიას კი დეფაქტო დირექტორს უწოდებს „საქართველოს განათლების ჯგუფი“. მათი განცხადებით, 12 თებერვალს, სკოლის შენობაში ჩატარდა პარტნიორთა კრება, სადაც ჯანაშია თანამდებობიდან გათავისუფლდა. წერილობით განცხადებაში, რომელიც მოამბემ მიიღო ნათქვამია: „დირექტორობიდან გათავისუფლების შემდეგ ნათია ჯანაშიამ სრულად წარადგინა საჯარო რეესტრში დოკუმენტაცია რასაც ის ფლობდა, მიუხედავად ამისა, საჯარო რეესტრმა მიიჩნია, რომ რეგისტრაცია სრულად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საჯარო რეესტრმა, არა როგორც ნათია ჯანაშიას იურისტი განმარტავს „შეცდომით”, არამედ განხილვის, მათ შორის ნათია ჯანაშიას განცხადებების განხილვის შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება ნათია ჯანაშიას თანამდებობიდან გათავისუფლების რეგისტრაციის შესახებ.

„საქართველოს განათლების ჯგუფის“ შეფასებით, დავა არის სამართლებრივი პროცესი და ისე უნდა დასრულდეს, რომ სკოლის, მისი პერსონალის და მოსწავლეების ინტერესი იყოს ხელშეუხებელი,“ – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი