დაუმორჩილებლობის გეგმა - სააკაშვილის მოწოდება ოპოზიციას 

ჩიხში შესულ მოლაპარაკებებს და შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს ნიკა მელიას განცხადება.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს, რაც ნიშნავს, რომ 20 ივნისის საქმეზე მისი აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხი შესაძლოა დღის წესრიგში ისევ დადგეს. გირაოს პირობების დარღვევის გეგმას დროში ემთხვევა კიდევ ერთი პოლიტიკური ძალის, „ლელოს“ წევრთა დაუმორჩილებლობაც. პარტიის წევრები გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებენ. არის თუ არა მსგავსი სტრატეგიით მოქმედება ერთი გეგმის ნაწილი – ეჭვებს ამყარებს ისიც, რომ სწორედ სასამართლოების გადაწყვეტილებებისა და შეზღუდვებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება იყო მიხეილ სააკაშვილის მთავარი გზავნილი ბოლო „ფეისბუქ“-მიმართვის დროს. სწორედ ამ განცხადების გამო საგარეო უწყებაში ორი ქვეყნის ურთიერთობაზე სასაუბროდ მისულ უკრაინის ელჩს მორიგი განმარტების გაკეთება მოუხდა.