დათა ვანიშვილი დაკრძალეს 

ყვავილები მავთულხლართებზე და საქართველოს ჰიმნი – ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დათა ვანიშვილი დაკრძალეს.

ხურვალეთის მკვიდრი, რომელმაც ხელოვნური ბარიერების აღმართვის შედეგად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქცეული სახლი ბოლო წუთამდე არ დატოვა, მთელმა მსოფლიომ გაიცნო. 88 წლის ასაკში გარდაცვლილ დათა პაპასთან გამომშვიდობების უფლება მავთულხლართებს აქეთ მცხოვრებ ახლობლებს მას შემდეგ მისცეს, რაც პროცესში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩაერთო. მანამდე კი გარდაცვლილის მეუღლეს ხელოვნურ ბარიერებთან მისული ნათესავები შორიდან უსამძიმრებდნენ. ოკუპაციასთან მებრძოლი დათა ვანიშვილის უკანასკნელი განსასვენებელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. ამ სასაფლაოზე დაკრძალულთა ახლობლები, რომლებიც მავთულხლართებს აქეთ აღმოჩნდნენ, წლების განმავლობაში ყოველ აღდგომას წითელ კვერცხებს და სანთლებს სწორედ დათა ვანიშვილს ატანდნენ.