დაშლილი საპროტესტო აქცია - დაშავებული ჟურნალისტები

მძიმე აღმოჩნდა 28 ნოემბრის ღამე.

დაშლილი აქცია, ბარიკადები, ცეცხლი, ათეულობით დაშავებული, ჰოსპიტალიზირებულები, დაკავებულები, -ამ შედეგით დასრულდა თითქმის 12-საათიანი პროტესტი. მოქალაქეებმა თბილისის ცენტრალურ გამზირზე შეკრება მმართველი გუნდის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან მალევე დაიწყეს, აქციას შეუერთდნენ პოლიტიკური ლიდერები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რუსთაველის გამზირზე მივიდა პრეზიდენტი. ვითარება ღამის 12:00 საათის შემდეგ გამწვავდა. შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილი ფარგლებიდან გასვლის არგუმენტით სამართალდამცავებმა გაფრთხილების შემდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს. პარლამენტის წინ და გვერდით ქუჩებზე სიტუაცია არაერთხელ დაიძაბა. აქციის დაშლის დროს სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური ძალადობა მოხდა ჩვენს კოლეგებზე, როდესაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. სერიოზული დაზიანებები მიიღო პირველი არხის თანამშრომელმაც. მედია-საშუალებების რამდენიმე წარმომადგენელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზარალდნენ სამართალდამცავებიც – მათი ნაწილი ასევე ჰოსპიტალიზირებულია. სპეცდანიშნულების რაზმის მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა ნივთს. დაკავებულია ათეულობით ადამიანი. სახალხო დამცველი მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების შემთხვევებზე და ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილ ძალადობაზე მიუთითებს.