20 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც აქციაზე 4 დეკემბერს დააკავეს, სტაბილურია. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფორმაცია თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმმა, ნათია ბაბუხადიამ მიაწოდა. მისი თქმით, პაციენტი კლინიკაში თავის და სახის ტრავმის დაზიანებით შეიყვანეს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციის, „უფლებები საქართველოს“ ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს, გამთენიისას დააკავეს და სასტიკად სცემეს. მათივე მონაცემებით, ბიჭი 35 საათზე მეტი დროის განმავლობაში დიღმის იზოლატორში იმყოფებოდა და მიყვანის დღეს იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე. საბოლოოდ, ბიჭი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, სასამართლოს შენობიდან სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. სასამართლო პროცესი კი 12 დეკემბრამდე გადაიდო. გუშინდელი აქციის შემდეგ კი, ინგოროყვას კლინიკაში დაშავებულები არ შეუყვანიათ.