ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირების მეათე დღეს აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები განახორციელა. ამერიკის იერიშების სამიზნე ირანში მდებარე სამი ბირთვული ობიექტი გახდა, მათ შორის ფორდოს მიწისქვეშა სადგური, ნათანზისა და ისპაჰანის ობიექტები. დარტყმებისთვის ამერიკამ „ბი-2“-ის ტიპის ბომბდამშენები და ბუნკერის საწინააღმდეგო ბომბები გამოიყენა, რომლებიც მიწისქვეშა სამიზნეების გასანადგურებლად არის შექმნილი. ასევე წყალქვეშა ნავებიდან 30-მდე ფრთოსანი რაკეტა გაუშვა. ისრაელში აცხადებენ, რომ დარტყმები განხორციელდა აშშ-სა და ისრაელს შორის სრული კოორდინაციით. პრეზიდენტ ტრამპსა და ნეთანიაჰუს შორის იერიშების შემდეგ სატელეფონო საუბარიც შედგა. ამერიკის და ისრაელის ლიდერები აცხადებენ, რომ ირანში არსებული ურანის გამდიდრების სამი ძირითადი ობიექტი, მთლიანად განადგურებულია. თუმცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში განაცხადეს, რომ ირანს სერიოზული ზარალი არ განუცდია. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის იერიშამდე სამი ბირთვული ობიექტიდან ევაკუაცია განხორციელდა და მოხდა მასალების გატანაც. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში აცხადებენ, რომ ირანში სამ ბირთვულ ობიექტზე დარტყმების შემდეგ ობიექტების გარეთ რადიაციის დონის მატება არ დაფიქსირებულა. დონალდ ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ აშშ-ის წინააღმდეგ ნებისმიერ შურისძიებას პასუხად მოჰყვება იმაზე გაცილებით დიდი ძალა, ვიდრე ამ ღამით ვიხილეთ.
ბირთვული ობიექტების დაბომბვის პასუხად, ირანმა ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ისრაელის მიმართულებით. ირანული მედიის მტკიცებით, ირანის ბოლო საჰაერო დარტყმების მთავარი სამიზნეები იყო ბენ გურიონის აეროპორტი, ისრაელის ბიოლოგიური კვლევითი ცენტრი, ლოგისტიკური ბაზები და სამეთაურო და კონტროლის ცენტრების სხვადასხვა ბიურო. სარაკეტო დარტყმებს ნგრევა მოჰყვა ქალაქ ჰაიფაში. წინასწარი ცნობებით, დაშავებულია 86 ადამიანი. პასუხად, ისრაელის თავდაცვის ძალებში დასავლეთ ირანზე დარტყმების მორიგი სერიის დაწყების შესახებ განაცხადეს. ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის დარტყმების შემდეგ, თეირანმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვა მოითხოვა.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონმა თეირანის წინააღმდეგ სახიფათო ომი დაიწყო. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ დაწერა, თავდაცვის ლეგიტიმური უფლების ფარგლებში, ირანი განიხილავს მოქმედების ყველა ვარიანტს თავისი სუვერენიტეტის, ინტერესებისა და ხალხის დასაცავად.