ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცანას ტერიტორიაზე დარიშხანის შემცველი ნარჩენების სარკოფაგის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება.
50 500 კუბური მეტრის მოცულობის სარკოფაგის მშენებლობა 2026 წლისთვის დასრულდება, რაც მრავალწლიანი ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტას უზრუნველყოფს. დარიშხანის შემცველი ნარჩენების საცავის მოწყობის მიზნით, კომპლექსური კვლევები ჩატარდა და შესაბამისი ანგარიშები მომზადდა. ექსპერტებისა და მოსახლეობის მონაწილეობით, გაიმართა საჯარო განხილვებიც. ამ დროისთვის უკვე აშენდა 224 მეტრი სიგრძის დამცავი ჯებირი, დასავლეთ ნაწილში კი 350 მეტრის სიგრძის არხი, რომელიც სარკოფაგის ტერიტორიას დატბორვისა და დაჭაობებისგან დაიცავს.