სასაზღვრო გამტარ პუნქტ „დარიალთან“ მყოფი უკრაინის 65 მოქალაქე სამშობლოში ნებაყოფლობით, ჩარტერული რეისით, მესამე ქვეყნის გავლით დაბრუნდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყო მათ გადაყვანა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც მოხდა აღნიშნული პირების უკრაინის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის გადაცემა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახელმწიფო საზღვართან კვლავ რჩება იმ პირთა გარკვეული ნაწილი, რომელთა სამშობლოში ორგანიზებულ, უსაფრთხო და ნებაყოფლობით დაბრუნებაზე ქართული მხარე ინტენსიურად განაგრძობს მოლაპარაკებებს უკრაინულ მხარესთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში. როგორც ცნობილია, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, „დარიალის“ ე.წ. ნეიტრალურ ზონაში რუსეთიდან მომავალი 87 პირი იმყოფებოდა. ისინი ითხოვდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთას არავალიდური დოკუმენტებით და აცხადებდნენ, რომ არიან უკრაინის მოქალაქეები. სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, აღნიშნულ პირებს არ მიეცათ ქვეყანაში შემოსვლის შესაძლებლობა, რადგან ყველა მათგანს აქვს მძიმე კრიმინალური წარსული და გასამართლებულნი არიან არაერთგზის – მძიმე, ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის. გარდა ამისა, მათ არ ჰქონდათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტები და ვერ აკმაყოფილებდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაშვების კრიტერიუმებს. გასული თვეების განმავლობაში ქართულმა მხარემ არაერთი სამუშაო შეხვედრა გამართა როგორც საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, ასევე, გამოყენებულ იქნა პოლიციის ატაშეების ქსელი, რომლის ფარგლებშიც კომუნიკაცია შედგა უკრაინულ მხარესთან. ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, კომპეტენციის ფარგლებში, იღებს საჭირო ზომებს, რათა ერთი მხრივ დაცული იქნეს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება და მეორე მხრივ დროულად მოხდეს ე.წ. „ნეიტრალურ ზონაში“ დარჩენილი პირების საკუთარ სამშობლოში დაბრუნება.