დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის
ფინანსური გარიგება და მოსყიდვა – ურთიერთბრალდებები და შიდადაპირისპირება ოპოზიციაში გრძელდება. ნიკა გვარამიამ ანა წითლიძეს პასუხი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერიდან გასცა და „ნაციონალურ მოძრაობას“ კონტრბრალდებებიც წაუყენა. გვარამია უარს ამბობს წითლიძესთან დებატებზე და მას ნულოვან პოლიტიკოს უწოდებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი იაგო ხვიჩიასთან გარიგებაში ამხელს. „ურეპუტაციო და ნულოვანი წონის პოლიტიკოსთან ეთერში დებატებზე რა თქმა უნდა, არ დავჯდები. თან იმის დასამტკიცებლად, რომ 40 მილიონი არ ამიღია. ბოლომდე რომ შეეზილა „ნაცმოძრაობა“ იაგო ხვიჩიას, ეს მათი არჩევანია, ვინმემ კი არ შეაზილა, შეეზილნენ თვითონ. ეგ დამთავრდება ცუდად. ნიკა გილაურთან მე პირადად მოვხვდი „ნაციონალური მოძრაობის“ მაღალჩინოსნის გავლით“- აცხადებს ნიკა გვარამია. ვინ იყო ის მაღალჩინოსანი, გვარამიამ არ დაასახელა და განაცხადა, რომ არ იტყვის, ვინაიდან ის მისი მეგობარია და დღესაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.
ანა წითლიძემ ნიკა გვარამიას „ფეისბუკ“-პოსტით უპასუხა. ამ დაპირისპირებაში პასუხგაუცემელი რჩება კითხვები 40 მილიონიან გარიგებასთან დაკავშირებით. „თუ ჩემი ნათქვამი ტყუილია, რატომ გაურბიხარ დებატებში მონაწილეობას და მის საჯაროდ განხილვას? მე არც შენი შეურაცხყოფა მაინტერესებს და არც ის, რა იარლიყს დამარქმევ. მე კონკრეტულ კითხვებს გისვამ: გილაური, 40 მილიონი, 2024 წლის პოლიტიკური გარიგებები და ოპოზიციური ერთობის ჩაშლა, „მთავარის“ დახურვა – ამ ყველაფერზე ითხოვს ანა წითლიძე პასუხს. სოციალურ ქსელში ანა წითლიძე კითხვას სვამს რა როლი აქვს გვარამიას „ნაციონალურ მოძაობაში და აინტერესებს სააკაშვილთან ურთიერთობის გაწყვეტის რეალური მიზეზები. დანარჩენი — „ქაჯი“, „ბირჟავიკი“, „ურეიტინგო“ და სხვა ეპითეტები — მხოლოდ თავის მართლების უსუსური მცდელობაა შენგან“. – წერს წითლიძე გვარამიას საპასუხოდ.