დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სამი ბალისტიკური რაკეტა ისროლა. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განთავსებული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემიდან ორი ბალისტიკური რაკეტა გაბალის, ერთი კი ქურდამირის მიმართულებით გაუშვეს. ბაქოში აცხადებენ, რომ სომხეთის არმიამ სარაკეტო იერიში მიიტანა სიაზანის რაიონზეც, სადაც სამი რაკეტა ჩამოვარდა. აზერბაიჯანის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ სომხეთის არმიის სამიზნე მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიასთან ლოკალური ბრძოლები ფრონტის მთელ ხაზზე მიმდინარეობს. სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით წერს, რომ მთელი ღამის განმავლობაში რამდენიმე რაიონში საარტილერიო ბრძოლა გრძელდებოდა. ერევანში ამბობენ, რომ აზერბაიჯანის არმიის დანაყოფმა ცენტრალურ მიმართულებაზე დივერსიული შეღწევა სცადა, რომელიც მოგერიებული იქნა.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ე.წ. ადმინისტრაცია, აზერბაიჯანის არმიის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის გაბალისა და ქურდამირის რაიონების წინააღმდეგ ბალისტიკური რაკეტების გაშვებას უარყოფს და ბაქოს ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს.