დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, თოვუზის რაიონის სოფელ დონდარ გუშჩუში სომხეთის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების სახლები დაზიანდა. „ტრენდ აზის“ ინფორმაციით დაბომბვის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეები არ დაშავებულან. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართა შეხვედრა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით კი, აზერბაიჯანის არმიის 100-კაციანმა ჯგუფმა სომხეთში დივერსიული შეღწევა უშედეგოდ სცადა. სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აზერბაიჯანის დივერსიული დაჯგუფება პოზიციების აღებას ცდილობდა, თუმცა სომხეთის არმიის სამხედროებმა მოწინააღმდეგის გადაადგილება შეამჩნიეს და საპასუხო ზომების მიღების შემდეგ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა უკან დაიხიეს. სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ დივერსიული ჯგუფის მოქმედების პარალელურად, აზერბაიჯანელი სამხედროები მიმდებარე პოზიციებს და დასახლებულ პუნქტებს ბომბავდნენ.